„შინდისის“ პრემიერა შესაძლოა, აგვისტოს ომის მეათე წლისთავზე გაიმართოს
„შინდისის“ პრემიერა შესაძლოა, სიმბოლურად აგვისტოს ომის მეათე წლისთავზე გაიმართოს.
ინფორმაციას ამის შესახებ ფილმის იდეის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი ავრცელებს.
მისი განცხადებით, კინოსურათი საფესტივალო ცხოვრებას ზაფხულიდან დაიწყებს.
მანამდე კი ფილმის ქართული პრემიერა შესაძლოა, სოფელ შინდისში, დაღუპული გმირების მემორიალთან, მათი ახლობლებისთვის სიმბოლურად 2018 წლის 8 აგვისტოს შედგეს.
„შინდისის“ გადაღებები სექტემბერში დაიწყო.
შემოქმედებითმა ჯგუფმა გადასაღები მოედანი გორთან ახლოს მდებარე სოფელ ორთაშენი მოაწყო.
სპეციალურად ამ ნაწილის გადაღებებისთვის, მსახიობების 20-კაციანმა შემადგენლობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე ორკვირიანი მომზადება გაიარა.
სამხედრო და პიროტექნიკით გადაღებებში საკუთარი წვლილი შეიტანა თავდაცვის სამინისტრომაც.
ფილმში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი და ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობი დათო ბახტაძე ასრულებენ. ფილმი ახლა მონტაჟის ეტაპზეა.
როგორც ედმონდ მინაშვილი განმარტავს, ამ კონდიციამდე მისაყვანად, მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
„შინდისის“ გადაღებებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 801 384 ლარი გამოიყო. ფილმის დასასრულებლად საჭიროა დამატებითი სახსრების მოძიებაც, რის გამოც შესაძლოა ტიტრებში კო-პროდუქციაც გაჩნდეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღების იდეა „შინდისის“ პროდიუსერს, ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის.
„შინდისს“ორი სრუმლეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი უძღვოდა წინ.
სწორედ ეს დოკუმენტური მასალა დაედო საფუძვლად ირაკლი სოლომონაშვილის სცენარსაც.
ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად განვითარებულ მოვლენებს ეყრდნობა.
ფილმზე გერმანიიდან სპეციალური მოწვევით, რეჟისორმა დიტო ცინცაძემ იმუშავა.