შინდისის გზაზე დაჭრილ 35 წლის მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია
შინდისის გზაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი 35 წლის მამაკაცი კლინიკა „პინეოში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მედიკოსების ინფორმაციით, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია.
„პაციენტი შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, ქირურგიული დამუშავება. დაზიანება მიყენებული იყო ბასრი დანით, მეთერთმეტე-მეთორმეტე ნეკნს შუა. ჭრილობა არ იყო შემავალი. ჩაუტარდა შესაბამისი დამუშავება. ამჟამად პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და გადის პოსტოპერაციულ მკურნალობას. ახალგაზრდა მამაკაცია, 35 წლის. მდგომარეობა არის სტაბილური“, – განაცხადა ქირურგმა, ნიკოლოზ გავაშელიშვილმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაჭრილს, არსებული ინფორმაციით, ის თავად წავიდა საავადმყოფოში. ჟურნალისტებისთვის ჯერ არ არის ცნობილი, რომელ კლინიკას მიმართა დაშავებულმა.
შინდისის გზაზე მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ცივი იარაღით 30 წლამდე ასაკის ორი ახალგაზრდა მოკლეს, კიდევ ორი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდები ბიძაშვილები იყვნენ.