ცხოველთა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ქვეყანაში შინაური ცხოველებისთვის უსაფრთხო საარსებო გარემოს დამკვიდრების მიზნით, საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს.
„ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.
საკანონმდებლო წინადადების მიზეზი კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობისთვის სამართლებრივი ბაზისა და სათანადო ინსტიტუციების არარსებობაა. საკანონმდებლო წინადადების ავტორების განცხადებით, პროექტში გაწერილია ის ძირითადი საჭიროებები, რაც ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში თანაარსებობის შესაძლებლობას, ასევე, ტკივილისა და ტანჯვისაგან ცხოველთა დაცვას გულისხმობს.
საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა მისაღებად ცნო, თუმცა დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი დასახვეწია და იმისათვის, რომ მოხდეს შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
კანონპროექტის ავტორები არასამთავრობო ორგანიზაციები „ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“ და ცხოველთა დაცვის ოგანიზაცია „ჰუმანიმალი“ არიან.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის კიდევ ერთი მიზანია ადამიანსა და ცხოველის თანაცხოვრების პირობებში დაცული იყოს ერთი მხრივ ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი ცხოველთა სიცოცხლე და კეთილდღეობა.