კანონპროექტის მიხედვით, შინაური ბინადარი ცხოველები სავალდებულო პირველად რეგისტრაციას დაექვემდებარებიან
კანონპროექტის მიხედვით, შინაური ბინადარი ცხოველები სავალდებულო პირველად რეგისტრაციას დაექვემდებარებიან

შინაური ბინადარი ცხოველები სავალდებულო პირველად რეგისტრაციას დაექვემდებარებიან. შესაბამისი ცვლილებები „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა საკანონმდებლო პაკეტის სახით მოამზადეს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ რეგისტრაცია უსასყიდლოდ განხორციელდება.

ინიციატივით კონკრეტდება, რომ შინაური ბინადარი ცხოველის მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იქნება, უფლებამოსილ ორგანოს შინაურ ბინადარ ცხოველთა აღრიცხვასა და იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია მიაწოდოს.

ამასთან, კანონპროექტით შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება, ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია სპეციალური სხვადასხვა უსაფრთხო საშუალებებით, მათ შორის მიკროჩიპით, სვირინგით, საერთშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალური საჭდით, საყელურით.

კანონპროექტით განისაზღვრება ისიც, რომ ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ცხოველების მარეგისტრირებელი ორგანოს ინფორმირება საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული შინაური ბინადარი ცხოველის შთამომავლობის და მისი გასხვისების თითოეული ფაქტის შესახებ, ასეთი ფაქტების დადგომიდან 10 დღის ვადაში. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია და ყოველწლიური საკონტროლო რეგისტრაცია ერთიან რეესტრში განხორციელდება.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ერთიანი რეესტრის შექმნის მიზანია შინაური ბინადარი ცხოველების რაოდენობის დადგენა, თითოეულ მათგანზე ინფორმაციის მოძიება და აღრიცხვა, მათი მფლობელებისა და მათზე მზრუნველი პირების დადგენა; ასევე შინაური ბინადარი ცხოველებისგან ადამიანებზე გადამდები, განსაკუთრებით საშიში ვირუსული დაავადებების გავრცელების პრევენცია.