შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი სასტიკ მოპყრობად ჩაითვლება - ფოთის საკრებულომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი დაამტკიცა
შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი სასტიკ მოპყრობად ჩაითვლება - ფოთის საკრებულომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი დაამტკიცა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა დადგენილება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ. აღნიშნული დადგენილება ცხოველთა დაცვის ფედერაციის რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული.

,,დაუშვებელია ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამება, გაგდება და მიტოვება, დახრჩობა, გაგუდვა, მოწამვლა, ასევე დაუშვებელია ზოოფილური აქტები ცხოველებთან. ძაღლებთან, კატებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი (ზოოფილია) სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება, რაც შესაბამის პასუხისმგებლობას გამოიწვევს“, – ნათქვამია დადგენილებაში.

საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის წესს შეეხება, ასევე იკრძალება მათთვის ბიბილოს, ნისკარტის, ფრთების მოჭრა, ჩლიქების ან ეშვების დამახინჯება, ბუმბულის მოგლეჯა და ა.შ. დადგენილების თანახმად, ამგვარი სასტიკი მოპყრობის ჩამდენ პირთა მიმართ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, ხოლო ცხოველი მეპატრონეს დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა და სპეციალურ თავშესაფარს გადაეცემა. ამასთან, მეპატრონეს უფლება ექნება სარჩელით მიმართოს სასამართლოს და ჩამორთმეული ცხოველის დაბრუნება მოითხოვოს.

ხელისუფლების ინფორმაციით, აღნიშნული დადგენილება შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. საკრებულოში უმრავლესობის წევრები აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ოპოზიციის მტკიცებით კი, თითოეულმა წევრმა აღნიშნულ დადგენილებას მხარი, ბრმად, ანალიზის გარეშე დაუჭირა.