2018-2020 წლებში, სოფლებში შინამეურნეობებისა და მეწარმეებისთვის მთავრობა ინტერნეტში ჩართვის ვაუჩერებს დაარიგებს.
„სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ თანახმად, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით, 2018 წელს მთავრობა შინამეურნეობებისთვის ინტერნეტში ჩართვის 1 200 ვაუჩერს გამოყოფს, მეწარმეებისთვის კი 250 ვაუჩერს. იგივე რაოდენობის ვაუჩერებს შინამეურნეობები და მეწარმეები 2019 და 2020 წლებშიც მიიღებენ.
ამ მიზნით ყოველწლიურად 230 ათასი ლარი გამოიყოფა.
დოკუმენტის თანახმად, 2018-2020 წლებში ბენეფიციარები და მეწარმეები გადამზადდებიან ციფრულ წიგნიერებაში, პროგრამირების ენებსა და ელექტრონულ წიგნიერებაში.
როგორც სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, წელს ციფრულ წიგნიერებასა და პროგრამირების ენებში 1 600 ბენეფიციარი გადამზადდება, ელექტრონულ წიგნიერებაში კი 300 მეწარმე. იმავე რაოდენობის ბენეფიციარები და მეწარმეები გადამზადდებიან 2019 და 2020 წელსაც.
ყოველწლიურად ამ მიმართულებით 320 ათასი ლარი გამოიყოფა.
“სოფლის მეურნეობის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა“ მთავრობამ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა.