შინაგან საქმეთა სამინისტროში ოთხი არასრულწლოვანი იკითხება
შინაგან საქმეთა სამინისტროში ოთხი არასრულწლოვანი იკითხება

შინაგან საქმეთა სამინისტროში, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ოთხი არასრულწლოვანის გამოკითხვა მიმდინარეობს.

არასრულწლოვნები საგამოძიებო უწყებაში მშობლებთან და ადვოკატებთან ერთად მივიდნენ.

მათი ინტერესების დამცველების განცხადებით, მოზარდები ერთხელ უკვე იყვნენ გამოკითხვაზე პროკურატურაში.

„მოვიდა უწყება ოჯახში და დღეს დაბარებული ვართ მოწმის სახით. პროკურატურისთვის ჩვენება უკვე მიცემული აქვს, თუმცა  ჩვენების გათქმის უფლება არ მაქვს. ვერ გეტყვით, ზუსტად რა კითხვები აქვს გამოძიებას, რატომ გახდა აუცილებელი კიდევ დაბარებულიყო გამოსაკითხად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ეს ჩემთვის უცნობია, თუმცა დაკითხვისას გავიგებ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ.

ადვოკატის განმარტებით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მისთვის გარკვეული დეტალები უცნობია.

„ის ხორავას ქუჩაზე ბოლომდე არ ყოფილა, რის გამოც ფაქტებს არ ფლობს, სინამდვილეს, თუ რა მოხდა. უშუალოდ დაჭრის ფაქტს ვერ შეესწრო. ვერ გეტყვით, რა მომენტში დატოვა ხორავას ქუჩა.   ერთადერთი ის ვიცი, რომ აშველებდა. მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა  მისგან ტერიტორიის დატოვება.  იძულებით არ დაუტოვებინებიათ ხორავას ქუჩა მისთვის, უბრალოდ, ცუდად გახდა და ამასთან დაკავშირებითაც მისცემს ჩვენებას. ვერც იმას გეტყვით მკვლელობის ფაქტამდე დატოვა ტერიტორია, თუ მას მერე,  რადგან ეს ფაქტი არ დაუნახავს, მკვლელობა არ შეუნიშნავს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა.

როგორც გუშინ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, უწყება იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.