შინაგან საქმეთა სამინისტროში „ქართული ოცნების“ წევრის, ნინო წილოსანის გამოკითხვა დასრულდა.
როგორც წილოსანმა გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, გამოკითხვაზე დეტალურად ისაუბრა გუშინ მომხდარ ფაქტზე.
„საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა გამოკითხვა შსს-ში, სადაც დეტალურად მოვუყევი გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, ადევნების კლასიკური შემთხვევაა. ადამიანს ვხედავდი და ვხვდებოდი, რომ მელოდებოდა, რადგან რამდენჯერმე მოხდა დაფიქსირება ჩემი მხრიდან ინტერვიუს მიცემის დროს, დაელოდა, ვიდრე კამერები არ გაითიშებოდა, შემდეგ კი საწინააღმდეგო მიმართულებით ავტობუსის ხაზზე ყველანაირი წესების დარღვევით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მე დავეშინებინე, გამოვარდა სიგნალებით და მომაყენა შეურაცხყოფა, იყო მუქარა, შემდეგ ისევ დატრიალდა და კიდევ ერთხელ ჩაიარა ქუჩაზე, ასევე აგრძელებდა სიგნალებს და მუქარას. ეს არის მიზანმიმართული ტერორი, რომ ჩვენ შევიცვალოთ ცხოვრების წესი და არ ვიყოთ საზოგადოებრივად აქტიური. მათ შორის, ჩემი, როგორც ქალი დეპუტატის მიმართ, აღნიშნული ქმედება იყო მიზანმიმართული. გუშინდელი ფაქტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამხელა ტერორის ქვეშ შეიძლება ვიმყოფებოდეთ ქალები, განსაკუთრებით, პოლიტიკაში“, – განაცხადა წილოსანმა.
„ქართული ოცნების“ წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, მას 2 მაისს აედევნა ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა.