საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) თურქმენეთის ოფისის მხარდაჭერით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით თურქმენეთის დელეგაცია ესტუმრა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქმენეთის დელეგაცია წარმოდგენილი იყო სახალხო დამცველის აპარატის, გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეჯლისისა (პარლამენტი) და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებით.
დელეგაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
შსს-ს ცნობით, ვიზიტის მიზანს სახალხო დამცველთან არსებულ პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან (დეპარტამენტი) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლობის გაცნობა წარმოადგენდა.
„ქართულმა მხარემ თურქმენეთის დელეგაციას ასევე დეტალურად გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ პირთა მიმართ არსებული რეგულაციები, მათთვის განკუთვნილი სერვისები, დაკავებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და სხვ. მხარეებმა ასევე გამოხატეს მზაობა, აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.