შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი დნმ ლაბორატორიისთვის ინვენტარს შეიძენს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი დნმ ლაბორატორიისთვის ინვენტარს შეიძენს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 მარტს შესყიდვების სააგენტოს საიტზე ლაბორატორიული ინვენტარის შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა. ამ მიზნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განთავსდება ახალ ადმინისტრაციულ შენობაში. საექსპერტო-კრიმინალისტიკურ შენობაში დაგეგმილია დნმ ექსპერტიზის დანერგვა, რაც მოიცავს გენეტიკური პროფილის მიხედვით პიროვნების იდენტიფიცირებას. ახალი ლაბორატორია ხელს შეუწყობს მომხდარ დანაშაულზე სწრაფ რეაგირებას. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტს ჰქონდეს სათანადო ლაბორატორიული ინვენტარი, რაც უზრუნველყოფს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელებას.

ლაბორატორიული ინვენტარის განთავსება განხორციელდება ბიოლოგიური დნმ, ქიმიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, ხელნაწერებისა და დოკუმენტების ექსპერტიზის, სახანძრო და ასაფეთქებელი მოწყობილობების, ტრასოლოგიურ და სხვა ლაბორატორიებში. შესასყიდი ლაბორატორიული ინვენტარი, ჩვეულებრივი საოფისე ავეჯისგან განსხვავებით, მზადდება სპეციალური მასალების გამოყენებით საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით“, – აცხადებენ შსს-ში.

აღნიშნულ ტენდერში განაცხადების მიღება დასრულდება 26 მარტს.