შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ახალი სამმართველო დაემატა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ახალი სამმართველო დაემატა. სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით შეიქმნა.
ბრძანების თანახმად, განისაზღვრა სამმართველოს ფუნქციებიც, მათ შორისაა შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში სწრაფი რეაგირების ძალების გამოყენება.
„სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს: დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების სწრაფი რეაგირების ძალებით უზრუნველყოფას და როგორც დეპარტამენტის, ისე სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედებების უზრუნველყოფას; საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებებისა და სხვა ბრალდებულთა დაკავების ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობას; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს; დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებს; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით, ან სხვა საჭიროების არსებობისას, სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარებასა და აღკვეთაში სწრაფი რეაგირების ძალებით უზრუნველყოფას; საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფას, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობას; მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად; შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში სწრაფი რეაგირების ძალების გამოყენებას; საბრძოლო მომზადების მიზნით სწავლებას; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს“, – აღნიშნულია ვახტანგ გომელაურის ხელმოწერილ დოკუმენტში.
დღესვე ცვლილებები შევიდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში. დოკუმენტის თანახმად, გაუქმდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული სპეციალური ღონისძიებების სამმართველო“.
ვახტანგ გომელაურის ორივე ბრძანება 5 აგვისტოთი თარიღდება, დოკუმენტები დღესვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.