შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ინფიცირების ექვსი შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა, ერთი შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში, ერთი ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში.
ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს ერთ თანამშრომელს აჭარაში. ამასთან, კორონავირუსის ორი ფაქტი დადასტურდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. აქედან ერთი ბათუმში, მეორე კი ქალაქ რუსთავში.
„შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. თერთმეტივე თანამშრომელი გადის შესაბამის მკურნალობას. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.