შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის ათი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ათი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ბ.შ., 1993 წელს დაბადებული ი.შ., 1977 წელს დაბადებული ე.ი., 2005 წელს დაბადებული გ.ლ., 2006 წელს დაბადებული ნ.დ., 1968 წელს დაბადებული გ.ო., 1978 წელს დაბადებული ე.მ., 1996 წელს დაბადებული ა.ს., 2002 წელს დაბადებული ა.ა. და 2001 წელს დაბადებული ა.ჰ.
„დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე ბელარუსისა და ისრაელის მოქალაქეები.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, დიდი ოდენობით თანხა, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ა.ჰ. თბილისში დააკავეს. ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოღებულია 440 აბი „ექსტაზი“, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი – „კანაფი“, „მარიხუანა“ და „ჰაშიში“.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის საქმეზე ფონიჭალაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი – ე.მ. და ა.ს. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 18 შეკვრად დაფასოებული – 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. სირეცი, 97 350 აშშ დოლარი, 6080 ლარი და 2 790 000 რუსული რუბლი.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ლ. და ნ.დ. გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ბიო ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ა.ა. მარიხუანას გასაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ოთხ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული ბ.შ., ი.ნ. და ე.ი.-სგან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „კოკაიანი“, „მარიხუანა“, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, სასიგნალო პისტოლეტი და ცხრა ვაზნა.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ.ო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ და „ამფეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.