შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„1995 წელს დაბადებული რ. დ. და 1977 წელს დაბადებული ლ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო 1982 წელს დაბადებული დ. მ., 1995 წელს დაბადებული ჩ. გ. (მეტსახელად „ჩიკო“), 1964 წელს დაბადებული თ.ბ. პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა. დანაშაულები 3-იდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ რ. დ.-მ და ლ. მ.-მ არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს – დ. მ.-ს, თ. ბ.-სა და ჩ. გ.-ს.
კომპლექსური გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები – „ქურდული სამყაროს“ წევრები, აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.
ბრალდებულმა „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, თბილისსა და სამეგრელოში რამდენიმეჯერ მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევები.
პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.