სამართალდამცველებმა მსხვერპლთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სამინისტროს პოლიტიკა მოძალადეების მიმართ არის სამართლიანი და მკაცრი, რაც, უპირველეს ყოვლისა, მსხვერპლთა ძალადობისგან დაცვის მიზანს ემსახურება.
სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 855 პირი დააკავეს.
მათ შორის, თბილისში დაკავებულ იქნა 424 პირი, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში – 78, ქვემო ქართლში – 76, კახეთში – 68, შიდა ქართლში – 66, აჭარაში – 40, სამცხე-ჯავახეთში – 39, სამეგრელოში – 25, გურიაში – 25, მცხეთა-მთიანეთში – 14.
რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულებს, ბრალდებულთა ძირითადი ნაწილი დაკავებულ იქნა ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით.
რაც შეეხება კონკრეტულ მუხლებს, დაკავებული 855 პირიდან:
585 მათგანი დაკავებული იქნა ოჯახში ძალადობის ბრალდებით (1261 მუხლი);
206 – ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით (111-126-ე მუხლი);
39 – ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით (111-151-ე მუხლი);
5 – ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით (111-117-ე და 111-120-ე მუხლები);
3 – ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით (111-150-ე მუხლი);
3 – ოჯახის წევრის ადევნების ბრალდებით (111-1511 მუხლი);
3 – ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით (111-19-108-109-ე მუხლები);
2 – ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით (111-108-109-ე მუხლები);
2 – ოჯახის წევრის ნივთის დაზიანების ბრალდებით (111-187-ე მუხლი);
2 – ოჯახის წევრის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით (111 -143-ე მუხლი);
1 – ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით (111-137-ე მუხლი);
1 – ოჯახის წევრის მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით (111-1443 მუხლი);
1 – ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით (111-115-ე მუხლი);
1 – ოჯახის წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით (111 -3811 მუხლი);
1 – ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით 111 -144-ე მუხლი).
გამოძიების დაწყების პარალელურად, მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სამართალდამცველებმა 1402 პირის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეებს დაუწესდათ გარკვეული შეზღუდვები და აეკრძალათ მსხვერპლებთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის შესახებ შემოსული შეტყობინებებისა და სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს, რათა ასეთ ფაქტებზე რეაგირება იყოს კიდევ უფრო დროული და ეფექტიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ერთობლივი მუშაობის შედეგად, პოლიციაში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წლის პირველ სამ თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ 530 შეტყობინებაზე, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ორჯერ მეტ – 1 179 შეტყობინებაზე, რაც ადასტურებს, რომ პოლიციისადმი ნდობა გაზრდილია როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან.
თუმცა ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისა და მომართვიანობის მნიშვნელოვნად ზრდის პარალელურად, არსებობენ მსხვერპლები, რომლებიც თავს იკავებენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობისგან, არ ატყობინებენ დანაშაულის შესახებ პოლიციას ან შეტყობინების შემდეგ უარს აცხადებენ მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რაც მოძალადეს უბიძგებს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე ძალადობის ჩადენისაკენ.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მსხვერპლს, ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, ითანამშრომლონ პოლიციასთან და გამოძიებასთან, რათა დაუსჯელი არ დარჩეს ძალადობის არც ერთი ფაქტი და მსხვერპლს მიეცეს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა“, – განაცხადა ბრიფინგზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა.