შინაგან საქმეთა სამინისტრომ აგვისტოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აგვისტოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აგვისტოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის და სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ მიმდებარე ტერიტორიებზე ირანის 4 მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. პოლიციამ დაკავებულებისგან 290 შეკვრად დაფასოებული 939 გრამი ჰეროინი ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ამასთან, თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებული, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 21 გრამი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების 105 აბი.

ჭელიძის ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 9 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკების არაერთგზის უკანონო გასაღების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აჭარაში ორი პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 232 აბი „სუბოქსინი“, 8 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

„ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირია დაკავებული ბათუმში. შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ და აღნიშნა, რომ  დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ 180 აბი მეტადონის მარილის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

როგორც ჭელიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს, რომლის მიზანია ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების ფაქტების მაქსიმალური შემცირება.