შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებულ მრავალეროვნულ სწავლებას მასპინძლობს [ფოტო]
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებულ მრავალეროვნულ სწავლებას მასპინძლობს [ფოტო]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებულ ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებას მასპინძლობს.

შსს-ს ინფორმაციით, წვრთნები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების პროგრამის PPRD East 3-ის ფარგლებში ხორციელდება და როგორც საშტაბო, ასევე საველე კომპონენტებს მოიცავს.

მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მეხანძრე-მაშველები 15 ივნისს საჩვენებელ  წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც პროგრამა PPRD East 3-ის ექსპერტები, პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, საჩვენებელი სწავლება რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენარის მიხედვით განხორციელდება და სხვადასხვა ტიპის სახანძრო-სამაშველო ოპერაციებს მოიცავს, მათ შორის მასშტაბური ტყის ხანძრების დროს მოქმედებას, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სავარჯიშოებს და ა.შ.

საველე წვრთნების მიზანია, კიდევ ერთხელ იქნას განხილული ის პროცედურები, რომლებიც მასშტაბური საგანგებო სიტუაციების დროს მასპინძელი ქვეყნის მხრიდან ტარდება პარტნიორი ქვეყნების დახმარების მოზიდვის შემთხვევაში. ასევე, შემოწმდეს ფართომასშტაბიანი კატასტროფების დროს შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მოქმედებები.

სწავლებაში ჩართულია საპატრულო პოლიცია, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა და ტექნიკა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმები, ეროვნული გვარდია, ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოს ეროვნული სააგენტო. სწავლებაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის დელეგაცია, CBRN ეროვნულ ცენტრი და იტალიის წითელი ჯვარი.

სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 400-ზე მეტი საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფი საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, ასევე, უკრაინის, იტალიის, შვედეთისა და ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის გუნდები.

PPRD ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროექტს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირებისა და მზადყოფნის დონის ამაღლებაა. PPRD პროექტში, საქართველოსთან ერთად, მთავარი ბენეფიციარი ქვეყნები უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი არიან.