შინაგან საქმეთა მინისტრთან ბიზესმენების შეხვედრაზე კითხვები კრიმინოგენურ ვითარებაზეც დაისვა
შინაგან საქმეთა მინისტრთან ბიზესმენების შეხვედრაზე კითხვები კრიმინოგენურ ვითარებაზეც დაისვა

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე ბიზნესმენების მხრიდან კითხვა ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებითაც დაისვა და პასუხები საკმაოდ ამომწურავი იყო. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ, „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტან ბუცხრიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა წარმოგვიდგინა ძალიან საინტერესო ხედვა. რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორი სიტუაცია იქნება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის. იყო კითხვები ბიზნესის მხრიდან დასმული, განსაკუთრებით დაისვა კითხვები კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით და პასუხები იყო საკმაოდ ამომწურავი“ – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

მისი თქმით, საქართველო ვითარდება, მათ შორის ვითარდება ტურიზმი, აქედან გამომდინარე არის გამოწვევები, ქვეყანა კი, ამ გამოწვევების საპასუხოდ მზადაა.

„ქვეყანა ვითარდება, იზრდება, ტურიზმი საკმაოდ სწრაფად ვითარდება, ქვეყანა არის ღია. აქედან გამომდინარე, გამოწვევები არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ქვეყანა არის მზად, ყველა ამ გამოწვევას უპასუხოს” – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

კითხვაზე, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ხომ არ შეეხო საუბარი ბანკების დაყაჩაღების გახშირებულ ფაქტებს, „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ დღეს ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა, ამ საკითხზე შსს-სთან კომუნიკაცია ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში წარმოებს.

„შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა, რაც გვაქვს ბოლო პერიოდში, ბოლო კვირების განმავლობაში, იმედის მომცემია და პოზიტიურად ვარ განწყობილი, რომ საკმაოდ მოკლე პერიოდში გაცილებით უკეთეს შედეგებს მივაღწევთ“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.