შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ახლად დანიშნულ ოფიცერთან, დევიდ ჰიდლსტონთან.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დევიდ ჰიდლსტონს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„შეხვედრისას მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მზადაა თანამშრომლობის გაფართოებისთვის უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.