ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შსს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
გიორგი გახარიამ და ნინო ლომჯარიამ, ასევე, ისაუბრეს სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმულ რეკომენდაციებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველს საპოლიციო სისტემის განვითარების საკუთარი ხედვა და სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის ახლადშექმნილ დეპარტამენტსაც, რომლის ძირითადი ფუნქციაა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ტრეფიკინგის, დისკრიმინაციული მოტივითა და არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები – ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე, სახალხო დამცველის მოადგილეები – თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე.
„სახალხო დამცველთან და მის მოადგილეებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ – საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს. ამ მიმართულებით სახალხო დამცველის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გაცემულ რეკომენდაციებს, რომლის შესრულებაც ჩვენი მოსვლის დღიდან, ეტაპობრივად, პრაქტიკაში დავიწყეთ. ვისაუბრეთ ასევე სამინისტროს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც უკვე შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. მისი უმთავრესი ფუნქცია იქნება ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის ამაღლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეპარტამენტის პრეზენტაცია, ფართო საზოგადოებისათვის, გაიმართება 23 იანვარს.“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა
ნინო ლომჯარიას თქმით, მინისტრთან სამომავლო თანამშრომლობის ფორმაზე და იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელზეც სამინისტროსთან ურთიერთობა მოუწევთ.
„გამოვკვეთეთ ის საკითხები, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, რაც არის პრობლემატური განსაკუთრებით პოლიციასთან ურთიერთობის დროს. ასევე შევთავაზეთ ამ პრობლემის მოგვარების სისტემური ხედვა, აქცენტი გავაკეთეთ რეფორმის საჭიროებაზე, ადამიანის უფლებათა სწავლების გაძლიერებაზე, ასევე გამოვთქვით მხარდაჭერა ამ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობის და დახმარების სწავლების გაძლიერების თვალსაზრისით. ვისაუბრეთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გავცვალეთ ჩვენი პოზიციები და რა თქმა უნდა, შევეხეთ იმ ცალკეულ ინციდენტებს, რაც ბოლო დროს განსაკუთრებით გახმაურებული და პრობლემატური იყო. დავაფიქსირეთ ასევე ჩვენი პოზიციები და მოვისმინეთ სამინისტროს ხედვები, ყველა იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშრებით რაც ეხება ადამიანის უფლებების დაცვას ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.