შიდა ქართლის რამდენიმე რაიონსა და სოფელში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი სახლების ნაწილიდან წყლის ამოტუმბვა უკვე დასრულდა, ხოლო მეორე ნაწილში შესაბამისი სამუშაოები წყლის დონის დაწევის შემდეგ დაიწყება.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხაშურში, იმერეთის ქუჩის ნაწილსა და ახალდასახლებაში საცხოვრებლები ისევ დატბორილია. სტიქიის შედეგად დაზიანდა საკანალიზაციო სისტემა, დაბინძურდა სასმელი წყლის ჭები.
პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ ხაშურში წყლით დატბორილი 50-ზე მეტი სახლიდან სახანძრო ბრიგადებმა წყლის ამოტუმბვა უკვე შეძლეს, თუმცა სამუშაოები ისევ გრძელდება. უწყების წარმომადგენლის, მამუკა ყირიმელის თქმით, თბილისიდან მობილიზებულია სამაშველო სამსახურის დამატებითი ჯგუფები, რომლებიც უწყვეტად, 24-საათიანი რეჟიმით იმუშავებენ.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქარელის რაიონშიც, სადაც ექვს სოფელში სახლები დაიტბორა.
რაც შეეხება გომში არსებულ ვითარებას, მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვის სამუშაოების დაწყებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, სახანძრო ბრიგადები ამოტუმბვის სამუშაოებს წყლის დონის დაწევის შემდეგ დაიწყებენ.
მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სწრაფ რეაგირებასა და სტიქიასთან ბრძოლაში დახმარებას სთხოვს.
„ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. კანალიზაცია მოიშალა, სასმელი წყალი არ გვაქვს. ვერ ვაკეთებთ სადილს. არ ვიცი, ასე დიდხანს ვერ გავჩერდებით. უნდა მოვიდნენ და მოგვხედონ. მაშველები მუშაობენ, მაგრამ ჩემს სახლში წყლის ამოტუმბვა არ დაუწყიათ, ამბობენ ჯერ წყლის დონემ უნდა დაიწიოსო. ნახევარ მეტრზეა ისევ წყალი და არ ვიცი, ეს როდის დაიწევს“- აცხადებს ხაშურში, ახალდასახლებაში მცხოვრები ხათუნა ხაბულიანი.
ძლიერი წვიმის გამო ხაშურსა და ახლომდებარე სოფლებში საცხოვრებელი სახლები გასულ ღამეს დაიტბორა.