შიდა ქართლის რეგიონში მორიგი აგრარული ბაზარი ხაშურში გაიხსნება.
სავაჭრო დაწესებულება შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ისინი ადგილზე გაეცნენ ბაზრის მდგომარეობას.
აღინიშნა, რომ აგარული ბაზრის ტერიტორიაზე სრულადაა დაცული სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები.
შესაბამისად, მოვაჭრეები რეგულაციების სრული დაცვით შეძლებენ საქმიანობის განახლებას.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით.
ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია ინტენსიურად განხორციელდება, მოვაჭრეები კი საქმიანობას პირბადეებითა და ხელთათმანებით განახორციელებენ.
დადგენილი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება.
საგანგებო მდგომარეობისა და დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ.
თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.