შიდა ქართლში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს სამი მოქალაქის კვლევის პასუხებს ელოდებიან
გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებიდან ლუგარის ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაგზავნილი სამი ნიმუშის პასუხები დღეს იქნება ცნობილი.
აქედან ერთი პირი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 53 წლის მამაკაცის მეუღლეა. მამაკაცი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია და მას კორონავირუსი ერთი კვირის წინ სომხეთში დაუდასტურდა.
ამასთან, სომხეთში ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის კონტაქტს უკავშირდება კიდევ ერთი პირის სინჯი, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. ასევე ქარელიდანაა მესამე პაციენტიც, რომლის პასუხსაც დღეს ელოდებიან.
ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაციაში 146 პირი რჩება.