შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებში, როტაციის ფარგლებში, დეპარტამენტების ხელმძღვანელები შეიცვალნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციის პოლკოვნიკი დიმიტრი ზურაბიშვილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში 1999 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. დიმიტრი ზურაბიშვილი 2016 წლიდან ამ დრომდე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი, პოლიციის პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი დაინიშნა, რომელსაც აქამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. დავით თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2003 წლიდან მუშაობს.
ცვლილებები განხორციელდა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტშიც. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი – მამუკა საღარეიშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა საღარეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს.