2018 წლის 6 ივლისს დაღუპული 19 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები და თანასოფლელები შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პროკურატურასთან აქციას მართავენ.
გარდაცვლილის მშობლები აცხადებდნენ, რომ მათი შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ დაღუპულა, იგი სასიკვდილოდ დაჭრეს და გზაზე დატოვეს. მერებაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 50 წლის ზვიად კოჩუაშვილი, რომელიც პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე თვეში დააკავა, არაა დამნაშავე. გარდაცვლილის ოჯახი პოლიციას და პროკურატურას დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
აქციის მონაწილეებს შეუერთდა დაღუპული თორნიკე მერებაშვილის საქმეზე მსჯავრდებული ზვიადი კოჩუაშვილის მამაც. ტრისტან კოჩუაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მისი შვილი თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებაში უდანაშაულოა.
აქციის მონაწილეებთან შესახვედრად პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრებმა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს და მათ ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა პროკურატურის წარმომადგენლებს საქმეში მონაწილე ექსპერტის დასჯა მოსთხოვეს.
თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე 2018 წლის 6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე თორნიკე მერებაშვილმა დახმარების თხოვნით ჯერ ბიძაშვილთან, შემდეგ კი 112-ში დარეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო.
გამოძიების ცნობით, ზვიად კოჩუაშვილი 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ პირს, თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა.