შიდა ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1978 წელს დაბადებული ა.რ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მას ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობაში, თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე – 1983 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ზე სისტემატურად ძალადობდა. ასევე, დადგინდა, რომ ა.რ.-მ მეუღლეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რის შემდეგაც ქალმა თვითმკვლელობა სცადა. სამართალდამცველებისთვის მომხდარი ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლისა და 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.