შიდა ქართლის გუბერნატორი - მიმდინარეობს კოორდინირებულად მუშაობა, რომ დროულად მოხდეს ცეცხლის ლოკალიზება და შემდგომში ლიკვიდაცია
მიმდინარეობს კოორდინირებულად მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ცეცხლის, პირველ რიგში, ლოკალიზება და შემდგომში ლიკვიდაცია, – ამის შესახებ სოფელ საყავრეში, შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
სტიქიის ეპიცენტრში უკვე ამუშავდა საველე შტაბი, ადგილზე გაშლილია რამდენიმე კარავი, მუშაობს სპეც-ტექნიკა. რეგიონში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მხარის გუბერნატორი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ დასახლებულ პუნქტამდე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, სტიქიის ზონაში რთული რელიეფია, რაც ქმნის რისკს, რომ ცეცხლის ქრობის სამუშაოების ტემპი შენელდეს, თუმცა მისი განმარტებით, რეგიონში მობილიზებული ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ამ დროის მონაცემებით, საკმარისია სტიქიასთან საბრძოლველად.
გუბერნატორს არ აქვს ინფორმაცია, რა ვერსიები განიხილება ხანძრის გამომწვევ მიზეზებად.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ საყავრესთან ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აჭარბებს. მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია 200 მეხანძრე-მაშველი, 10 სახანძრო, სამი სამაშველო მანქანა, ცხრა დამხმარე ტექნიკა. როგორც უწყებაში ამბობენ, გათენებისთანავე კი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი.