თბილისის „შევარდენი“ ცნობილი ჩეხური კლუბის, პრაღის „სლავიას“ ფებურთელს დაიმატებს. ის 18 წლის ფარიდ ნაბიევია – აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი და ახალგაზრდული ნაკრების წევრი.
ინფორმაცია პირველ არხს „შევარდენში“ დაუდასტურეს. ჩეხურ კლუბთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია – აზერბაიჯანელი ფეხბურთელი ‘იუნკერებში’ („შევარდენის“ ზედმეტსახელი) საზაფხულო პაუზამდე იჯარით ითამაშებს. ის კლუბს უახლოეს დღეებში შეუერთდება.
საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანელებს ცოტა ლეგიონერი ჰყავთ. ნაბიევი კი იმ იშვიათ მოთამაშეთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლითაც ევროპული კლუბი დაინტერესდა და მას ჩვენი მეზობლები აზერბაიჯანული ფეხბურთის იმედს უწოდებენ.
ნაბიევი პრაღის „სლავიაში“ 2017 წელს ჩაირიცხა და დუბლშემადგენლობაში სისტემატურად გამოდის. 2016 წელს კი აზერბაიჯანში გამართულ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.