„შეურაცხყოფაა, რაც აქ არის გაკეთებული“ - კადრები რაგბის სავარჯიშო კომპლექსიდან, რომელიც 7 მლნ დაჯდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მან შესაბამის სამსახურებს დაავალა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა დღესვე გაიმართოს და ადგილზე არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობა დროულად დაიწყოს.
მისივე თქმით, თბილისის მერიის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გატარდება.
„ჩვენ თვალს არაფერზე დავხუჭავთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს და გამოსწორდეს, რადგან სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
სპორტული ბაზა, რომელიც გასული წლის მაისში გაიხსნა, ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და 1 000 გულშემატკივარზეა გათვლილი.
სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს „საბაკონსტრაქშენს“ დაუკვეთა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო, რომლის საბოლოო ღირებულება 6 932 650.64 ლარით განისაზღვრა.