გრძნობენ თუ არა ძაღლები მიწისძვრას წინასწარ - რას ამბობს მეცნიერება
საკმაოდ გავრცელებულია ჭორები, რომ თითქოს, ცხოველები მიწისძვრას წინასწარ გრძნობენ. ახლახან, ამ ამბავში გარკვევა მეცნიერებმა სცადეს. შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ ამ ფენომენის მტკიცებულებები არც ისე მყარია.
აღსანიშნავია, რომ მიწისძვრის წინ ცხოველთა ქცევების შესახებ ძალიან ცოტა სტატისტიკური კვლევაა ჩატარებული.
გერმანიის დედამიწის მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის ჯგუფმა შეაგროვა სხვადასხვა კვლევათა მონაცემები, რომლებიც შინაურ ცხოველებზე დაკვირვებებს ეძღვნებოდა რეგიონებში, სადაც მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება.
„ცხოველების მიერ მიწისძვრის წინასწარ შეგრძნებასთან დაკავშირებით, გარკვეული კვლევები არსებობს, მაგრამ ვითარებაში უკეთ გასარკვევად და მონაცემთა შეფასების მიზნით, პირველად გამოვიყენეთ სტატისტიკური მიდგომა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჰიდროგეოლოგი ჰეიკო ვოითი.
ჯგუფმა შეაგროვა 180 კვლევა, რომლებიც მოიცავდა 160 მიწისძვრის შესახებ გავრცელებულ 729 მოხსენებას ცხოველთა უცნაური ქცევის შესახებ. ყურადღება გაამახვილეს ისეთ დეტალებზე, როგორებიცაა მიწისძვრის სიმძლავრე და მანძილი, ფორშოკური აქტივობა და თავად პუბლიკაციათა ხარისხი.
მოხსენებათა უმეტესობა ძირითადად სამ მოვლენას ეხებოდა — 2010 წლის დარფილდის მიწისძვრას ახალ ზელანდიაში, 1984 წლის ნაგანო-კენ-სეუბუს მიწისძვრა იაპონიაში და 2009 წლის ლ’აკილიის მიწისძვრა იტალიაში.
საერთო ჯამში, კვლევებს აღრიცხული ჰქონდა 130 სხვადასხვა სახეობის ცხოველის მოქმედება, ძაღლებით დაწყებული და ძროხებითა თუ აბრეშუმის ჭიებით დამთავრებული.
მიუხედავად მონაცემების სიმდიდრისა, მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებათა დიდ ნაწილს გააჩნდა კრიტიკული შეზღუდვები — სულ მცირე 14 მათგანი ეყრდნობოდა ერთ დაკვირვებას მიწისძვრის წინ.
ტიპური მოხსენება დეტალურად უნდა აღწერდეს დამკვირვებლის მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რაში გამოიხატებოდა ცხოველის უცნაური ქცევა უშუალოდ მიწისძვრის წინ.
ასეთ მონაცემთა ნაკლებობა განსაკუთრებით ართულებს იმის ობიექტურად შეფასებას, თუ როგორ განსხვავდებოდა ეს „უჩვეულო“ ქცევა ჩვეულებრივი ქცევისგან. შედეგად, მეცნიერები იძულებული გახდნენ, ასეთი მონაცემები კვლევისგან გამოერიცხათ.
ცხოველთა და ქცევათა ასეთი მრავალფეროვნების პირობებში, თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგჯერ ქცევები აღწერილი იყო მიწისძვრამდე თვეებით ადრე, შეუძლებელია იმის დადგენა, რომელი მოხსენებაა მნიშვნელოვანი და რომელი უბრალოდ შემთხვევითობა.
მეცნიერთა ვარაუდით, ცხოველები უბრალოდ მგრძნობიარენი იყვნენ თავდაპირველი ბიძგების, ე. წ. ფორშოკების მიმართ.
„შესაძლოა, ცხოველები შეიგრძნობენ ფორშოკების მიერ წარმოქმნილ სეისმურ ტალღებს. ასევე შესაძლებელია, რომ საქმე ეხებოდეს ფორშოკების მიერ გამოწვეულ შემდგომ ეფექტებს, მაგალითად მიწისქვეშა წყლების ცვლილებას ან მიწიდან გამოყოფილ გაზებს, რასაც ცხოველები შეიგრძნობენ“, — განმარტავს ვოითი.
თუმცა, არც ერთი მოსაზრება კატეგორიულად არ გამორიცხავს იმის შანსს, რომ ცხოველებში არსებობს გარკვეული სუპერ-მგრძნობელობა. მეცნიერებს უკვე გააჩნიათ გარკვეული მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება საბოლოოდ მივიდეთ სწორ დასკვნამდე.
მიწისძვრებამე დიდი ხნით ადრე და დიდი ხნის შემდეგ, ცხოველთა აქტივობაზე გრძელვადიან პერიოდში დაკვირვების შედეგად, ყველაფერი ალბათ საბოლოოდ გაირკვევა.
მკვლევართა თქმით, ამჟამად, ხელთ გვაქვს ცხოველებზე ამ მიმართულებით ჩატარებული ძალიან ცოტა დაკვირვება. მათგან ყველაზე ხანგრძლივი ერთ წელიწადს გრძელდებოდა. მათი აზრით, საჭიროა ძალიან ხანგრძლივი, ყოველდღიური დაკვირვება და მონაცემების ჩაწერა, მიწისძვრამდე დიდი ხნით ადრე.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მიწისძვრის პროგნოზირების არანაირი ინსტრუმენტი თუ მეთოდი. შესაბამისად, თუ ცხოველებმა რაღაც იციან, ალბათ უმჯობესი იქნება, თუ ამ საიდუმლოს დროულად „ვათქმევინებთ“.
კვლევა ჟურნალ Bulletin of the Seismological Society of America-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია seismosoc.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით