ახალი კვლევის მიხედვით, დამკვიდრებული პოლიტიკური სისტემის რღვევის სურვილი შეთქმულების თეორიების აყოლის ძლიერი მოტივატორია. ასეა განურჩევლად იმისა, სჯერა თუ არა მიმდევარს იმ თეორიებისა, რომლებსაც სოციალურ ქსელებში აზიარებს.
საბოტაჟის ასე წყურვილს მკვლევრებმა ტერმინიც კი შეურჩიეს — „ქაოსის საჭიროება“.
მიუხედავად იმისა, რომ კონსპირაციული აზროვნება გარკვეული ხარისხით ყველას გვაქვს, ზოგიერთი ასეთი რწმენა შეიძლება სახიფათო გახდეს. დეზინფორმაციის ონლაინ გავრცელების ზრდა და ძალა, რასაც ზოგჯერ კონკრეტული ინტერესები ამოძრავებს, ფსიქოლოგებისთვის საკმარისი მოტივაცია აღმოჩნდა კონსპირაციული აზროვნების მამოძრავებელი ფსიქოლოგიის შესასწავლად.
კარლტონის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერმა კრისტინა ფარჰარმა და მისმა კოლეგებმა წინა კვლევა განავრცეს და 3336 ამერიკელი გამოჰკითხეს; მონაწილეები თანაბრად იყოფოდნენ თითოეული პოლიტიკური სპექტრისადმი. დაუსვეს კითხვები, რათა გამოეკვლიათ, ისინი შეთქმულების თეორიებს უფრო იმიტომ იზიარებდნენ, რომ მათი სჯეროდათ, განგაშად ჩანდა თუ ქაოსის საჭიროების გამო.
როგორც წინა კვლევაში, ფარჰარმა და მისმა ჯგუფმა ამჯერადაც დაადგინეს, რომ კონსპირაციებისადმი რწმენა არის ყველაზე ძლიერი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, სურს თუ არა პირს თეორიის სოციალურ მედიაში გავრცელება. ხშირად ეს რწმენები წარმოიშობა იმ ლეგიტიმური და დაუკმაყოფილებელი შეშფოთებებისგან, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.
უცნაურია, მაგრამ ახალი მონაცემები მხარს არ უჭერს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, შეთქმულების თეორიათა პროპაგანდისტები „განგაშის ზარს რეკავენ“ მიჩნეულ ოპონენტთა წინააღმდეგ მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ეს იმას უნდა მიუთითებდეს, რომ კონსპირაციების გამზიარებლები მოტივირებული არიან იმ კულტურული ჯგუფის მხარდასაჭერად, რომლის ნაწილადაც თვლიან თავს.
ამის ნაცვლად, ქაოსის საჭიროება ყველაზე ძლიერი ინდიკატორი იყო იმისა, სჯეროდათ თუ არა მოხალისეებს, რომ ისინი მზად იყვნენ შეთქმულების თეორიათა გასავრცელებლად. ეს იმაზე გაცილებით ღრმა კომპლექსურობაზე მეტყველებს, ვიდრე „საკუთარი გუნდის გულშემატკივრობაა“.
„ვინაიდან ზოგიერთი ინდივიდი კონკრეტულად პოლიტიკურ მეტოქეებში ეჭვის აღძვრის მიზნით აზიარებენ შეთქმულებებს, სხვები ამას მთელი პოლიტიკური სისტემის გამოწვევის მიზნით აკეთებენ“, — ამბობენ მკვლევრები.
ვინაიდან კვლევა დაკვირვებითია და მონაწილეთა პასუხებს ეფუძნება, მკვლევართა ჯგუფს არ შეუძლია, მოტივაცია პირდაპირ გაზიარების აქტს მიაწეროს. მაგრამ მათ მხედველობაში მიიღეს ის უამრავი ფაქტორი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგებზე, მათ შორის, რამდენად პოლიტიკურები არიან რესპონდენტები, მათი მიდრეკილობა ნდობისკენ, ასაკი, გენდერი, შემოსავლები და ეთნიკურობა.
ქაოსის მაძიებლები უფრო მეტად ამბობდნენ, რომ მტკიცედ ეთანხმებოდნენ განცხადებებს, როგორიც არის:
„ვერ მოვაგვარებთ პრობლემებს ჩვენს სოციალურ ინსტიტუციებში, საჭიროა მათი დანგრევა და თავიდან აწყობა“.
ვისაც შეთქმულების თეორიების სჯერა, უფრო მეტად აზიარებენ მათ, თუკი ასევე იზიარებენ ქაოსის საჭიროებას.
თუმცა, ეს მოტივაცია სულაც არ მოითხოვს, რომ ადამიანებს სჯეროდათ ის, რასაც აზიარებენ. ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, ქაოსის მაძიებლები თავს მართლად გრძნობენ, როცა ონლაინ ავრცელებენ დეზინფორმაციას, იქნება ეს თავდასხმა იმ ისტებლიშმენტზე, რომელიც მათთვის არ მუშაობს თუ უბრალოდ მოწყენილობის შესამსუბუქებლად, რასაც მიუთითებს მტკიცე თანხმობა შემდეგი განცხადებისადმი:
„ჩემ გარშემო ქაოსი მჭირდება — ძალიან მოსაწყენია, თუ არაფერი ხდება“.
ეს კი თანხვედრაშია წინა კვლევებთან, რომელთა მიხედვითაც, ადამიანების, რომლებიც თავს ფინანსურად ან სოციალურად დაუცველად გრძნობენ, უფრო მეტად სჯერათ კონსპირაციების. ამით ასევე აიხსნება, რატომ აღზევდება ხოლმე კონსპირაციული აზროვნება კრიზისების ხანაში, რადგან ამ დროს, ადამიანები ფინანსურ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებს აწყდებიან.
წინა კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ სხვისმა მოტყუებამ შეიძლება უზრუნველყოს კონტროლის წამიერი განცდა, რაც კონსპირაციებისადმი მიდრეკილ ადამიანებს სხვა მხრივ შეიძლება აკლდეთ ცხოვრებაში.
ამიტომ, იმ მზარდი სტრესისგან გამომდინარე, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით ძალიან ბევრ ფრონტზე, ახალი კვლევის შედეგები სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები გვთავაზობს ძლიერ მტკიცებულებას, რათა ვივარაუდოთ, რომ ადამიანები მზად არიან სოციალურ მედიაში შეთქმულების თეორიები გააზიარონ არა მხოლოდ არსებულ რწმენათა გასამყარებლად, არამედ მთელი პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ სხვების მობილიზებისთვისაც“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
კვლევა Research and Politics-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.