შესაძლო თავდასხმების გამო ვენაში ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი გაუქმდა, დაკავებულია ორი პირი
შესაძლო თავდასხმების გამო ავსტრიაში მომღერალ ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი გაუქმდა.
ვენაში დაგეგმილი ამერიკელი მომღერლის კონცერტები მას შემდეგ გაუქმდა, რაც ავსტრიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სავარაუდო თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს.
„ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ გავაუქმოთ სამი დაგეგმილი შოუ ყველას უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნავენ მომღერლის წარმომადგენლები.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირები ეჭვმიტანილები არიან თავდასხმების დაგეგმვაში ვენის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც დიდი ღონისძიებები, მათ შორის, ტეილორ სვიფტის კონცერტებიც უნდა გამართულიყო.
პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული პირი, ავსტრიის 19 წლის მოქალაქეა, რომელმაც „ერთგულების ფიცი“ დადო „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ ივლისის დასაწყისში. ის ავსტრიის ქალაქ ტერნიცში დააკავეს. ხოლო მეორე პირის დაკავება ვენაში მოხდა.
ამასთან, პოლიციის ცნობით, 19 წლის ეჭვმიტანილი მოზარდის სახლში ქიმიური ნივთიერებები იქნა აღმოჩენილი და ახლა მისი გამოკვლევა მიმდინარეობს.
ტეილორ სვიფტის კონცერტები ვენაში 8, 9 და 10 აგვისტოს უნდა გამართულიყო, სადაც ყოველდღიურად დაახლოებით 65 000 დამსწრეს ელოდებოდნენ.