შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის საქმეზე რეჟისორი გიორგი სავანელი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა
შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე რეჟისორი გიორგი სავანელი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა. როგორც მან გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, გამომძიებლის შეკითხვები შეეხებოდა ტრენინგის შინაარსს, უკითხავდა ციტატებსაც და ინტერესდებოდა, ახსოვდა თუ არა მოწმეს ტრენინგზე მის მიერ წაკითხული ამონარიდები.
თუმცა მოწმის, გიორგი სავანელის თქმით, გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
„გაუთქმელობაზე ხელი არ მოვუწერე, მაგრამ იმის გამო, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს, სიტყვიერი გაფრთხილება მაინც მოქმედებს და არ მაქვს უფლება, გამოკითხვის დეტალებზე საჯაროდ ვისაუბრო. მნიშვნელოვანი იქნებოდა მაქსიმალური ღიაობა. მე და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ტრენინგს ვესწრებოდით, არაფერი გვაქვს დასამალი.
გამომძიებელი კითხულობდა ციტატებს ტრენინგებიდან. მეკითხებოდა, მახსოვდა თუ არა. ის კონტექსტი, რაც სუს-მა გაავრცელა, ტრენინგების ფარული ჩანაწერები, ტოტალური ტყუილია. შეიძლება მათ რაიმე ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ ასე მასიურად ადამიანების დაბარება, მგონია, საზოგადოების, კულტურის სფეროს დაშინებას ემსახურება“, – განაცხადა სავანელმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.