შესაძლებელია თუ არა ერთი ჭიქა ზეითუნის ზეთის დალევით ნაბახუსევის თავიდან აცილება — #1tvმეცნიერება
ნაბახუსევის სამკურნალო საშუალების ძებნის ისტორია ისეთივე ძველია, როგორც თავად ალკოჰოლი. ბაზარზე მრავალი წამალი იყიდება, მაგრამ არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება მათი ეფექტიანობის შესახებ.
ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოექცა ამბავი, რომ თითქოს, ალკოჰოლის მიღების წინ ერთი ჭიქა ზეითუნის ზეთის დალევა ნაბახუსევისგან გვიცავს.
ამ მოსაზრების მიხედვით, ზეითუნის ზეთი კუჭს გარსის სახით ეკვრის და ანელებს ალკოჰოლის შეწოვას, შესაბამისად, ამცირებს ნაბახუსევის სიმპტომებს.
მიმზიდველობის მიუხედავად, ამ მოსაზრებას ზურგს არ უმაგრებს რაიმე სამეცნიერო მტკიცებულება და სკეპტიკურად უნდა შევხედოთ.
ზეითუნის ზეთის, როგორც ნაბახუსევის სამკურნალო საშუალების თეორია ეფუძნება იმას, რომ ძლიერ ცხიმიანი შემადგენლობა კუჭში წარმოქმნის საფარს, რომელიც ამცირებს სისხლის მიმოქცევაში ალკოჰოლის შეწოვის მაჩვენებელს. ნელმა შეწოვამ კი უნდა შეასუსტოს ნაბახუსევის სიმწვავე.
მიუხედავად იმისა, რომ ცხიმიანი საკვები ალკოჰოლის შეწოვას გარკვეულწილად ანელებს, ამ ტაქტიკის ეფექტიანობა საეჭვოა.
ალკოჰოლის შეწოვა ძირითადად წვრილ ნაწლავში ხდება, კუჭიდან კი მხოლოდ დაახლოებით 20 პროცენტი შეიწოვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი ზეითუნის ზეთი კუჭში თავდაპირველ შეწოვას ანელებს, ალკოჰოლის უდიდესი ნაწილის შეწოვა შემდეგში, მონელების პროცესში მაინც მოხდება.
ამას გარდა, სხეულის მეტაბოლიზმი, ანუ ალკოჰოლის ბუნებრივი დაშლა, რომელიც მოითხოვს, რომ ღვიძლმა ის საკუთარი ცილოვანი აპარატით ქიმიურად შეცვალოს — ნაბახუსევის სიმპტომების ძირითადი მიზეზია, მათ შორის, დეჰიდრატაციის, თავის ტკივილისა და ღებინების. ზეითუნის ზეთი ამ მეტაბოლურ პროცესზე ისე არ ზემოქმედებს, რომ ნაბახუსევის შედეგების შეცვლა შეძლოს.
ნაბახუსევის პრევენციის ყოვლისმომცველი მიდგომა რამდენიმე ფაქტორს მოიცავს, მათ შორის ჰიდრატაციას, კვებისა და ალკოჰოლის ზომიერებას. მიუხედავად იმისა, რომ ზეითუნის ზეთს შეიძლება წვლილი შეჰქონდეს ალკოჰოლის შეწოვის ოდნავ შენელებაში, მაინც ძალიან შორსაა ყოვლისმომცველი გამოსავლისგან.
არსებობს უკეთესი გზები
ზეითუნის ზეთის ნაცვლად, არსებობს ნაბახუსევის თავიდან აცილების ან შემსუბუქების რამდენიმე დროში გამოცდილი მეთოდი:
ჰიდრატაცია
ნაბახუსევის სიმპტომების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია დეჰიდრატაცია (გაუწყლოება). ალკოჰოლის მიღების წინ, პროცესში ან შემდეგ წყლის დალევას შეუძლია, რომ შეინარჩუნოს ჰიდრატაციის დონე და შეამციროს ნაბახუსევის სიმწვავე.
კვება
დალევის წინ საკვები ნივთიერებებით მდიდარი საკვების მიღებას ალკოჰოლის შეწოვის უფრო მეტად შენელება შეუძლია, ვიდრე ერთ ჭიქა ზეითუნის ზეთს. ალკოჰოლის ეფექტების შემცირების გაცილებით დაბალანსებული მიდგომაა ცილებით, ცხიმებითა და კომპლექსური ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება.
ზომიერება
ნაბახუსევის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი გზა ზომიერად დალევაა. ლიმიტების დაწესებას და ალკოჰოლის მიღების ტემპს შეუძლია, მნიშვნელოვნად შეამციროს ნაბახუსევის რისკი.
საკვები ნივთიერებებით შევსება
დალევის შემდეგ, სხეულს აღდგენაში დიდად ეხმარება ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, რომლებიც მას დაკარგული ელექტროლიტებით ავსებს და ძირითად საკვებ ნივთიერებებს აწვდის. მათ შორისაა სპორტული სასმელები, ხილი და ბოსტნეული.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი აუცილებლად დაიჟინებს, რომ ზეითუნის ზეთი მის შემთხვევაში ეფექტიანია.
თუმცა, ეს მხოლოდ შემთხვევითობა შეიძლება იყოს, რომელზეც ხშირად პლაცებოს ეფექტი მოქმედებს.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.