შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გორში იმყოფებოდა. თეა ახვლედიანმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მემორიალთან გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა.
„ქედს ვიხრით ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო გმირების წინაშე. მსურს, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადოთ მათ ოჯახებს, სრულიად საქართველოს. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების სრული უგულებელყოფით დღემდე გრძელდება ჩვენს ქვეყანაში ოკუპაცია და ამ უმძიმეს შედეგებთან გამკლავება ჩვენი ქვეყნის უმთავრესს გამოწვევას წარმოადგენს, რომლის დაძლევას ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ერთიანი სამთავრობო მიდგომით და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მტკიცედ მჯერა, თანმიმდევრული პოლიტიკით, მშვიდობის განმტკიცებით, შემდგომი განვითარებით აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს მიზანს“, – განაცხადა ახვლედიანმა.