შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ მცდარი ინტერპრეტაციით მიზანმიმართულად გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციასა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კერძოდ, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის კვლევაზე – „პოლიტიკური რეკლამები „მეტას“ პლატფორმებზე საქართველოში (2023 წლის ოქტომბერი-დეკემბერი)” დაყრდნობით, თითქოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სოციალური მედიის „მეტას“ პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამის მიზნით 28,864 დოლარი დახარჯა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მათ შორის სახელმწიფო მინისტრის მიერ 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის პერიოდში გაწეული საქმიანობის თაობაზე „მეტას“ პლატფორმაზე ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების ფართოდ ინფორმირების მიზნით დაიხარჯა 736 დოლარი. რაც შეეხება ISFED-ის კვლევაში ასახული თანხიდან დანარჩენ თანხას, კერძოდ, 28,128 დოლარს, აღნიშნული წარმოადგენს ქართული ენის პოპულარიზაციისა და შესწავლის შესაძლებლობების შესახებ ფართომასშტაბიანი და მრავალკომპონენტიანი კამპანიის – „ქართული ენა გვაერთიანებს“ დანახარჯს, რომელიც სამ ენაზე (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული) წარიმართა. ამ ინფორმაციას ადასტურებს და ხაზგასმით ასახავს თავად არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის კვლევაც, სადაც ვკითხულობთ: „უწყების საქმიანობის ამსახველ პოსტებთან ერთად, გვერდზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კამპანიას „ქართული ენა გვაერთიანებს“. მოცემული კამპანია მიზნად ისახავდა არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის შესწავლის პოპულარიზაციასა და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლებას.
რეკლამების ნაწილი გამოქვეყნებული იყო ეთნიკური უმცირესობების ენებზე და სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ „მეტას“ ახალგაზრდა მომხმარებლები შესაბამისი ეთნიკური ჯგუფით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან“.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ჩართულობით მიმდინარეობს. პოლიტიკის უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგია, რომლის პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია „სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად“.
სწორედ ამ უმთავრესი მიზნის მისაღწევად განხორციელდა კამპანია „ქართული ენა გვაერთიანებს“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ენის შესწავლის მნიშვნელობის ხაზგასმისა და პოპულარიზაციის, ისევე როგორც ქართული ენის შესწავლის არსებულ შესაძლებლობებზე არაქართულენოვანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, „მეტას“ პლატფორმაზე განთავსებულ იქნა ზემოაღნიშნული ღირებულების შესაბამისი ვიდეო-რგოლები“, – აღნიშნულია განცხადებაში.