შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მორიგი ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მორიგი ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მორიგ, 22-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“ და მისი განხილვისას, ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას, რასაც მნიშვნელოვნად აფასებს. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აღნიშნული ანგარიში 2020 წლის 25 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად მიიღეს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებს არ ეძლევათ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის შესაძლებლობა, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ასახავს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებზე, როგორიც არის თავისუფალი გადაადგილების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა; გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა; საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება; ეთნიკურად ქართული მოსახლეობის უუფლებო მდგომარეობა; ჯანდაცვაზე, განათლებასა და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვა. აღნიშნულ კონტექსტში ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა, ასევე, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის საჭიროება.

ანგარიშში, ისევე როგორც ევროკავშირის განცხადებაში, განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ დახურვის შედეგად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ რთულ მდგომარეობაზე, რომელიც კიდევ უფრო მძიმდება პანდემიის ფონზე. ხაზგასმულია, რომ მსგავსი ქმედებები ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის წვდომას სურსათზე, საარსებო წყაროებზე და  გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე, რასაც ხშირ შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლე ეწირება. გარდა ამისა, ანგარიში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს უკანონო დაკავებების პრაქტიკაზე და უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე.

მნიშვნელოვანია, რომ კონსოლიდირებულ ანგარიშში და ევროკავშირის განცხადებაში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელება, ისევე როგორც ნდობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯები და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის მომსახურებასა და სხვა სოციალურ დახმარებაზე წვდომის უზრუნველყოფისკენ მიმართული საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, მათ შორის COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში.

ევროკავშირი, საკუთარ განცხადებაში მხარს უჭერს ევროპის საბჭოს ანგარიშს; მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე – ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებები; მოუწოდებს ზაზა გახელაძის და ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პირის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ; შეშფოთებას გამოხატავს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დამრღვევთა დაუსჯელობის გამო და ხაზს უსვამს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების სათანადო გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას, ისევე როგორც – ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების რეგულარული (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღდგენის აუცილებლობას. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.