„შერიფის“ ქართველი გენერალური დირექტორი - უდიდესი ემოციები განვიცადე, ჩვენ „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დავამარცხეთ #1TVSPORT
მოლდოვას საფეხბურთო კლუბ „შერიფის“ სამწვრთნელო შტაბი მუშაობს საიმისოდ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებისას ორი გამარჯვების შემდეგ გუნდის ფეხბურთელები ეიფორიაში არ ჩავარდნენ. ამის შესახებ კლუბის გენერალურმა დირექტორმა ვაჟა თარხნიშვილმა განაცხადა, რომელიც „შერიფის“ წარმატებული პროექტის ერთ-ერთი თანაავტორია.
ტურნირის დასაწყისში „შერიფმა“ დონეცკის შახტარი (შინ 2:0) და მადრიდის „რეალი“ (2:1 სტუმრად) დაამარცხა და D ჯგუფს ლიდერობს.
„უდიდესი ემოციები განვიცადე – ჩვენ „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დავამარცხეთ. ამის დავიწყება შეუძლებელია. რაც შეეხება შესაძლო ეიფორიას, ეს ადამიანური ფაქტორია და რა თქმა უნდა, შიშები არსებობს. ამავე დროს სამწვრთნელო შტაბი ამაზე მუშაობს“, – განაცხადა თარხნიშვილმა.
„შერიფის“ გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ გუნდი შემდეგ მატჩებსაც წარმატებით ჩაატარებს.
„ეს თამაში უკვე ისტორიაა და უნდა ვიფიქროთ შემდეგ მატჩებზე. წინაა მოლდოვის ლიგის გადამწყვეტი მატჩი „მილსამთან“, შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და ამის მერე ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერს“ დავუპირისპირდებით. ასე რომ დასვენების დრო არაა“.
მან ლუქსემბურგის ნაკრების ნახევარმცველ სებასტიან ტილზე ილაპარაკა, რომელმაც მადრიდის „რეალს“ გამარჯვების გოლი გაუტანა.
„ჩვენ მისი პერსპექტივა დავინახეთ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ლუქსემბურგის „პროგრესში“ და ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდში თამაშობდა. მისი ჩამოყვანა ტყუილად არ გვინდოდა. ის რუსეთშიც თამაშობდა, მაგრამ იქ სად უნდა გვენახა, „ტამბოვში“ 13-20 წუთს თუ ათამაშებდნენ“.
მან ირონიულად უპასუხა რუსი ჟურნალისტის კითხვას, დაინტერესდნენ თუ არა რუსული კლუბები „შერიფის“ მოთამაშეებით.
„ახლა სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, მაგრამ ინტერესი ევროპული კლუბებიდან წამოვიდა. ვნახოთ რა გამოვა აქედან. რუსული კლუბებიდან კი ინტერესი არ არსებობს. ალბათ იმიტომ, რომ რუსეთში უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები არიან“.