ტაიმაუტი | ვაჟა თარხნიშვილი - „დინამო“ ის გუნდია, რომელსაც მინიმუმ ევროპის ლიგაზე გასვლა შეუძლია #1TVSPORT
ტაიმაუტი | ვაჟა თარხნიშვილი - „დინამო“ ის გუნდია, რომელსაც მინიმუმ ევროპის ლიგაზე გასვლა შეუძლია #1TVSPORT

ტირასპოლის „შერიფის“ გენერალურმა დირექტორმა, ვაჟა თარხნიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ მოლდოვას ჩემპიონის მსგავსი წარმატების მიღწევა (მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა) საქართველოშიც შესაძლებელია.

„ქართულ ფეხბურთში ჩახედული ვარ და ხშირად ვუყურებ თამაშებს, რადგან გორის „დილას“ ვგულშემატკივრობ და წარმატებები მინდა ვუსურვო. „დინამომ“ გადაწყვეტილება, ალეკო რეხვიაშილისა და კახა ცხადაძის ერთად დანიშვნასთან დაკავშირებით, მგონია, რომ ქართულ ფეხბურთს წაადგება. ცხადაძე კარგი სპეციალისტია, რეხვიაშვილმა ბელარუსშიც წარმატებები ჰქონდა და მჯერა, „დინამო“ ის გუნდია და ის ისტორია აქვს, რომელსაც მინიმუმ ევროპის ლიგაზე გასვლა შეუძლია.

ბათუმის „დინამომ“ ძალიან ლამაზი ფეხბურთი ითამაშა და ასევე ძალიან ვგულშემატკივრობდი. მიხარია, რომ მშვენიერი სტადიონი აუშენეს. გულშემატკივრებმა სასწაული თანადგომა გამოავლინეს. გია გეგუჩაძეს კარგი გუნდი ჰყავს და კონფერენს ლიგაზე გასვლამდე ცოტა დააკლდა. მაგრამ მაინც ახლოს ვართ, რომ ევროპის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოვხვდეთ. ქართველი ვარ და ჩვენებს სულ ვგულშემატკივრობ.

მოლდოველი ფეხბურთელები საბჭოთა კავშირის დროს უმაღლეს ლიგაში იშვიათად თამაშობდნენ. ქართველ ფეხბურთელებზე კი ევროპაში ყველამ იცის, რომ ნიჭიერები არიან – მაგრამ წარმატებისთვის რაღაც გვაკლია და მე არ ვიცი, ეს რაღაც რა არის. თუ რეხვიაშვილს და ცხადაძეს ერთად მუშაობა დააცადეს, მე მგონი, რომ ერთად რაღაცას იზამენ – მე კი მჯერა, რომ მოახერხებენ.“

დატოვე კომენტარი