უკრაინელმა მწვრთნელმა, იური ვერნიდუბმა „ბიბისისთან“ ისაუბრა - იმედია, ომი დიდხანს არ გაგრძელდება და დავუბრუნდები საყვარელ საქმეს #1TVSPORT
უკრაინელმა მწვრთნელმა, იური ვერნიდუბმა „ბიბისისთან“ ისაუბრა - იმედია, ომი დიდხანს არ გაგრძელდება და დავუბრუნდები საყვარელ საქმეს #1TVSPORT

„ბიბისიმ“ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ტირასპოლის „შერიფის“ უკვე ყოფილ მწვრთნელს, იური ვერნიდუბს, რომელმაც კარგ სამსახურსა და სოლიდური ხელფასზე უარი თქვა და რუს აგრესორებთან საბრძოლველად უკრაინის დასახმარებლად წავიდა.

„ექვსი თვის წინ იური ვერნიდუბის გუნდმა, ტირასპოლის „შერიფმა“, „ბერნაბეუზე“ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია მოახდინა მადრიდის „რეალის“ დამარცხებით 2:1. ეს იყო უდიდესი შედეგი მოლდოვის ჩემპიონატის გამარჯვებულებისთვის, რომლებიც ჩამოვიდნენ დნესტრისპირეთიდ. ევროპის 13-გზის საკლუბო ჩემპიონზე ტრიუმფი ძნელად დასაჯერებელი იყო გუნდისთვის, რომელმაც ოთხი საკვალიფიკაციო რაუნდი გაიარა ჯგუფურ ეტაპზე და რომლის წლიური ბიუჯეტიც დაახლოებით 5 მილიონი ფუნტია. ერთი კვირის წინ, ხუთშაბათს, 24 თებერვალს, „შერიფმა“ საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. უკრაინელი ვერნიდუბი და მისი მოთამაშეები ოთხშაბათს ევროპის ლიგის პლეი-ოფის მატჩის ჩასატარებლად პორტუგალიაში „ბრაგას“ ესტუმრა. ხუთშაბათს დილით კი, 56 წლის მწვრთნელის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა“, – წერია „ბიბისის“ წერილის შესავალში.

იური ვერნიდუბი საუბრობს რუსულ აგრესიაზე, ამ ქვეყნის მედიის მიერ ყალბი ინფორმაციების გავრცელების უპრეცედენტო მასშტაბებზე და უკრაინელების გასაოცარ შემართებაზე.

„მე არ მესმის პუტინის, მისი გარემოცვის და რუსების, რომლებიც მის წინააღმდეგ არ მიდიან. მე მესმის, რომ რუსეთის ბევრ მოქალაქეს არ ესმის რა ხდება. რუსეთში ყველაფერს განსხვავებულად აჩვენებენ, ვიდრე სინამდვილეში ხდება. ამბობენ, რომ გაგვათავისუფლეს. მაგრამ ვისგან? თქვეს, რომ ფაშისტები ვართ, ნაცისტები… სიტყვებსაც ვერ ვპოულობ, რომ აღვწერო, რას აკეთებენ. ისინი თავს ესხმიან მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებს, მაგრამ ამბობენ, რომ მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას ურტყამდნენ. ისინი იტყუებიან.

ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს. სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ და ამაში დარწმუნებული ვარ. დავინახე, რომ ამ ტრაგედიამ გაგვაერთიანა, როგორც ერი. პატივს ვცემ ვოლოდიმირ ზელენსკის. მე მას მივეცი ხმა. მან თავი ნამდვილ ლიდერად გამოაჩინა. ის პატიოსანია. წარმომიდგენია, რამდენად რთულია ქვეყნის მართვა. ეჭვიც არ მეპარება, რომ კარგი ადამიანია. ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც სწორად იქცევა. მე მჯერა მისი.

ვფიქრობ სიმშვიდე მხოლოდ მაშინ მოვა, როცა გავიმარჯვებთ. მიმაჩნია, რომ რუსეთის მოთხოვნები მიუღწეველია. ჩვენ არ გავჩერდებით. საჭიროა დიალოგი, მაგრამ ჩვენ პატივს არ ვცემთ მათ ულტიმატუმებს. ჩვენ ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ მათ აქვთ ჭკუა შეაჩერონ ეს ომი. უპირველეს ყოვლისა, იმედი მაქვს, რომ ბავშვები და ქალები აღარ დაიღუპებიან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

მინდა მადლობა გადავუხადო ევროპას მხარდაჭერისთვის. ბევრი ბავშვი და ქალი სხვა ქვეყნებში წავიდა. მადლობა ამ ქვეყნებს ამისთვის. მადლობას ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ თავადაც რთული არჩევანის წინაშე დგანან. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ უკრაინა ახლა ფარია მთელი კონტინენტისთვის.

მე მაინც სულ ფეხბურთზე ვფიქრობ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ბავშვობიდან დავიწყე თამაში, პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი, შემდეგ მწვრთნელი გავხდი. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელად დავრჩები და ტიტულებს მოვიგებ. როცა მადრიდის რეალს ვამარცხებდით, ამას ვერ წარმოვიდგენდი.

პირველად ეჭვები თებერვლის დასაწყისში გამიჩნდა, როდესაც ამ თემაზე ახალი ამბები გავრცელდა. 14 თებერვლიდან უკვე აშკარად ავნერვიულდი. მოთამაშეები სულ მეკითხებოდნენ, რატომ ვარ ასე მოწყენილი. რამე დამემართა? სულ ვამბობდი, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მალე რაღაც მოხდება-მეთქი. სულ ამბობდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა, მაგრამ რაღაცას მაინც ვგრძნობდი.

შერიფის“ ზოგიერთმა მოთამაშემ დამირეკა და ხმოვანი შეტყობინება მივიღე. მკითხეს, როგორ იყო ჩემი ოჯახი, როგორ იყვნენ ჩემი შვილები. მხარდაჭერა ზოგიერთი მწვრთნელისგანაც ვიგრძენი. ფეხბურთზე ფიქრი მაძლევს მოტივაციას. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. იმედია, ეს ომი დიდხანს არ გაგრძელდება. ჩვენ გავიმარჯვებთ და მე დავუბრუნდები ჩემ საყვარელ საქმეს.“