ვერნიდუბს სჯერა, რომ თარხნიშვილი „შერიფიდან“ უკრაინაში წასვლას გაუგებს - პუტინი ჰიტლერის ასლია, მისი ჟურნალისტები ისეთებს კადრულობენ, გებელსი საფლავში ამოტრიალდება #1TVSPORT
ვერნიდუბს სჯერა, რომ თარხნიშვილი „შერიფიდან“ უკრაინაში წასვლას გაუგებს - პუტინი ჰიტლერის ასლია, მისი ჟურნალისტები ისეთებს კადრულობენ, გებელსი საფლავში ამოტრიალდება #1TVSPORT

უკრაინის ომმა თანამედროვეობის ბევრი გმირი გამოავლინა. ერთ-ერთი მათგანი იური ვერნიდუბია, რომელმაც ისტორიაში პირველად ტირასპოლის „შერიფი“ ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, სადაც მადრიდის „რეალი“ დაამარცხა. თუმცა მოლდოვის ჩემპიონის უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ხელსაყრელ კონტრაქტსა და სამსახურზე უარი თქვა და სამშობლოს დასაცავად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა.

FootBoom პორტალთან ინტერვიუში 56 წლის სპეციალისტმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გადაწყვიტა ასეთი ნაბიჯის გადადგმა და ვრცელ ინტერვიუში საქართველოც ახსენა.

„- როცა გაიგეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დიდი უბედურება მოხდა, როგორ აღიქვით ეს საშინელი ამბავი?

– შევუერთდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და მზად ვარ სამშობლო დავიცვა. ეს ამბავი პორტუგალიაში გავიგეთ, სადაც ევროპის ლიგაზე „ბრაგასთან“ უნდა გვეთამაშა. 23 თებერვალს „შერიფი“ თამაშზე გავფრინდით, მატჩისწინა ვარჯიში ჩავატარე. მეორე დღეს, დაახლოებით დილის 4:30 საათზე შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. სრულ შოკში ვიყავი. ვფიქრობ, ამან ასევე იმოქმედა „ბრაგასთან“ ჩვენს თამაშზე (სახლში მოგებული 2:0-ის შემდეგ გასვლაზე 0:2 წააგეს და პენალტების სერიაში გამოვარდნენ). ვცდილობდი თავი შემეკავებინა. მადლობა ბიჭებს მხარდაჭერისთვის, ყველას გამონაკლისის გარეშე. მატჩის შემდეგ „შერიფის“ გენერალურ დირექტორს, ვაჟა თარხნიშვილს მივმართე და ვუთხარი, რომ მოლდოვაში ჩასვლისთანავე უკრაინაში წავალ, ჩემს ოჯახში – ჩემები ზაპოროჟიეში იყვნენ.

კიშინიოვი დაკეტილი იყო, ამიტომ „შერიფი“ მოლდოვაში რუმინეთის გავლით ჩაფრინდა, იქიდან კი ავტობუსით გავემგზავრეთ. დიდი დრო დაგვჭირდა. 26 თებერვალს 7:00 საათზე გამოვედი ტირასპოლიდან და დაახლოებით 18:00 საათზე ზაპოროჟიეში ვიყავი. ასე მოხდა ყველაფერი. სახლში მოვედი, ღამე გავათენე და მეორე დღეს სამხედრო კომისარიატში მივედი. ასეთი გადაწყვეტილება მივიღე… მესმის, რომ ღმერთი ადრე თუ გვიან ყველას იქ გაგზავნის. ეს ჩემი არჩევანია, სხვაგვარად არ შეიძლება.

– „შერიფი“ როგორ შეხვდა იმ ამბავს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდი?

– ეს კლუბმა ჯერ არ იცის. დღეს შევატყობინებ. მაშინაც ვუთხარი, რომ მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლის უფლება არ აქვთ, რადგან საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. ადრე თუ გვიან „შერიფის“ ხელმძღვანელობა მაინც გაიგებს, რომ სამშობლოს დასაცავად წავედი. დღეს ვგეგმავ გენერალურ დირექტორ თარხნიშვილთან შექმნილ ვითარებაზე საუბარს. ვფიქრობ, ვაჟა გამიგებს, რადგან მანაც იგივე უკვე გამოსცდა, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ის ქართველია, 2008 წელს კი რუსეთმა დაიწყო ომი მისი ქვეყნის წინააღმდეგ. მას ისე ესმის ჩემი, როგორც არავის. „შერიფის“ ხელმძღვანელობამ შემომთავაზა ოჯახი მოლდოვაში გადამეყვანა, მაგრამ წავედი ზაპოროჟიეში და დავინახე რამდენი ადამიანი ტოვებს ჩვენს ქვეყანას ამ რთულ დროს, ეს კატასტროფაა. ამიტომ გადავწყვიტე არ მოვქცეულიყავი ისე, როგორც ისინი მოიქცნენ, პანიკურ განწყობებს არ ავყოლილიყავი. მთელი ჩემი ოჯახი ზაპოროჟიეს რეგიონშია.

– ვინ მოიგებს ომს?

– მხოლოდ ჩვენ, სხვა ვინ? ხედავთ როგორ იბრძვიან უკრაინელები! ვფიქრობ, პუტინი ნანობს იმას, რაც ჩაიდინა. უკრაინელი ერის გაერთიანებაც ერთ რამედ ღირს. მე ვხედავ, რამდენი ვართ ზაპოროჟიეში, რომლებიც საბრძოლველად მზად ვართ – მთელი ქალაქი! ასეთი ხალხი ბევრია. ამიტომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისები კვლავ უზარმაზარ დაძაბულობაშია, რადგან ხალხის ეს უზარმაზარი რაოდენობა დარეგისტრირებას და ორგანიზებას საჭიროებს. ჩვენთან ყველაფერი კარგად იქნება. უკრაინა – უპირველეს ყოვლისა! გამარჯვება ჩვენი იქნება!

– შიშს გრძნობ?

– 56 წლის ვარ, ვისი უნდა მეშინოდეს? პირიქით, მე ვიცხოვრე ჩემი ცხოვრებით. შიში მაქვს შვილების, შვილიშვილების, მეუღლის, ყველა ნათესავის მომავლის გამო.

– რას უსურვებდი აგრესორს?

– პუტინს ეს სურდა, მაგრამ ის მთელი მსოფლიოს იმპერატორი არასოდეს გახდება. ის ადოლფ ჰიტლერის ასლია. სხვათაშორის, ადრეც მას ვადარებდი. რუსული პროპაგანდისტული მედია გებელსის სულისკვეთებით მუშაობს. პუტინი და მისი ხელის ჟურნალისტები კი ისეთებს კადრულობენ, გებელსი საფლავში ამოტრიალდება! ისიც კი არ აძლევდა თავს იმის უფლებას, რასაც ახლა რუსული ტელევიზიები აჩვენებენ. სიტყვები არ მყოფნის. სწორად ამბობენ: პუტინ, ჯანდაბამდე გზა გქონია!“.