შექმნილია ახალი სამკურნალო საშუალება, რომელიც კბილის ღრმულებს თავისით აღადგენს
მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი პროდუქტი, რომელსაც შეუძლია წაახალისოს კბილის ემალის ხელახლა გაზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კბილის კარიესის მკურნალობის გზა შესაძლოა, სრულიად შეიცვალოს.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სამკურნალო საშუალება პეპტიდების საფუძველზე შექმნეს — პეპტიდის ბმებით დაკავშირებული ამონომჟავების მოკლე ჯაჭვით. თუმცა, მათ საკმარისი სიგრძე არ აქვთ იმისათვის, რათა სრულ ცილებად ჩაითვალოს.
როდესაც ლაბორატორიაში ხელოვნურად წარმოქმნილ კბილის დაზიანებებს მოარგეს, პროდუქტმა მოახდინა კბილის ემალის ხელახლა მინერალიზაცია და დაზიანებას ეფექტიანად „უმკურნალა“.
„პეპტიდებით მიღწეული რემინერალიზაცია კბილების ჯანდაცვის ამჟამინდელი მეთოდის ჯანმრთელი ალტერნატივაა“, — ამბობს მკვლევარი მეჰმეტ სარიკაია.
კბილის ემალს წარმოქმნის უჯრედის ტიპი, რომელსაც ამელობლასტს უწოდებენ. ის აძლიერებს ცილებს, რომლებიც ემალს ჯერ კიდევ მაშინ წარმოქმნიან, როცა კბილი ღრძილის ქვეშ იმალება.
სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ემალის ფორმირების პროცესი დასრულდება და კბილი ამოვა, ჩვენი ამელობლასტები იხოცება. თუმცა, ემალის დაკარგვა ცხოვრების მანძილზე გრძელდება.
„ბაქტერიები ახდენს შაქრისა და სხვა ფერმენტირებული ნახშირწყლების მეტაბოლიზმს პირის ღრუს გარემოსა და მჟავაში, გვერდითი პროდუქტები კი ახდენს კბილის ემალის დემინერალიზაციას“, — ამბობს სტომატოლოგიის მკვლევარი სემი დოგანი.
ნერწყვის, ფტოროვანი კბილის პასტისა და სასმელი წყლის დანამატების დახმარებით, ჩვენს კბილებს მცირედით ხელახლა მინერალიზაცია თავადაც შეუძლია.
მაგრამ როცა კბილში მოზრდილი, ხილვადი ღრმული ჩნდება, საჭირო ხდება სტომატოლოგის ჩარევა, რაც თავისთავად გულისხმობს გაბურღვას და ხვრელის ამოვსებას სპეციალური პლომბებით.
ახალი საშუალების შესაქმნელად, ჯგუფმა აიღო ამელობლასტების მიერ წარმოქმნილი ერთ-ერთი ცილა. ამელოგენინების სახელით ცნობილი ეს ცილები გადამწყვეტ როლს თამაშობენ კბილის ემალის წარმოქმნის რეგულირებაში.
ჯგუფმა პეპტიდები ამ ცილისგან ააწყო და შექმნა სამკურნალო საშუალება, რომელშიც პეპტიდები აქტიური ინგრედიენტის როლს ასრულებენ.
ამის შემდეგ, ლაბორატორიაში ის კბილის დაზიანებებს მოარგეს. აღმოჩნდა, რომ მისი დახმარებით, დემინერალიზებულ ზონებში წარმოიქმნა ახალი მინერალიზებული ფენა, რომელიც ემალის ქვეშ ინტეგრირდა.
მსგავს დაზიანებებს მკვლევრებმა ფტორითაც უმკურნალეს, მაგრამ შედარებით სქელი რემინერალიზებული ფენა მხოლოდ პეპტიდების შემთხვევაში წარმოიქმნა. ეს ფენა საკმაოდ ჰგავდა ჯანმრთელი ემალის სტრუქტურას.
იმისათვის, რათა დადგინდეს, ეფექტიანია თუ არა მკურნალობის ეს საშუალება ლაბორატორიის გარეთ, ადამიანის პირის ღრუში, საჭიროა დამატებითი ტესტები.
მაგრამ როგორც ჩანს, ღრმა ღრმულებისთვის, რომლებიც ემალის ქვეშ, დენტინში აღწევს, გაბურღვა და პლომბირება კვლავ ერთადერთი საშუალება იქნება.
მკვლევრებს სჯერათ, რომ მათი პროდუქტი პრევენციულ საშუალებად გაიყიდება და აქტიურ გამოყენებას შეიძენს კბილების ყოველდღიურ მოვლაში. ალბათ ეს იქნება კბილის პასტა ან გელი, რომელიც ემალის მცირე დაზიანებების შემთხვევაში, სტომატოლოგთან ვიზიტს თავიდან აგაცილებთ.
კვლევა ჟურნალ ACS Biomaterials Science & Engineering-ში გამოქვეყნდა.