შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ერთი წლით გადავადება იგეგმება
შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების გადავადება ერთი წლით – 2022 წლის 30 ივნისამდე იგეგმება.
შესაბამისი ცვლილებები „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ გეგმავდნენ ახალ მშენებლობას ან მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას 2021 წლის 30 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისამდე პერიოდში, მათთვის სავალდებულო არ იქნება ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების გათვალისწინება პროექტში და შემდეგ ამ მოთხოვნების დაცვით მშენებლობა.
კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ მოთხოვნების ამოქმედება მიმდინარე წლის 30 ივნისამდე იყო გათვალისწინებული, მაგრამ ამ პერიოდში ვერ ესწრება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებში სათანადო კადრების მომზადება, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ამ მოთხოვნების ადმინისტრირება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესშია.
„აღნიშნული მნიშვნელოვანწილად განაპირობა „კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა. დამატებითი დრო დასჭირდა ტრენინგისა და გადამზადებისთვის სათანადო პროცესის დაწყებისთვის ტენდერის მეშვეობით შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის შერჩევისა და მასთან მოლაპარაკებების წარმართვას“, – აღნიშნულია კანონპროექტში.