თბილისის მერიამ დაიწყო მუშაობა პროექტზე – „შენი იდეა ქალაქის მერს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ეს იქნება ერთგვარი ინტერნეტსერვისი, რომლის მთავარი ამოცანა ქალაქის განვითარებაში რაც შეიძლება მეტი მოქალაქის ჩართვაა.
კახი კალაძემ აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოში გამართული დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, გვინდა მოსახლეობას შევთავაზოთ სერვისი – ,,შენი იდეა ქალაქის მერს“. ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს თბილისის განვითარებაში. არსებობს უამრავი ხედვა და პროექტი. თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს ამ კონკრეტულ პლატფორმაზე, მოგვაწოდოს იდეა, რომლის განხორციელებაში ჩვენ დაგეხმარებით. ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი დღევანდელზე უკეთესი იყოს“, – განაცხადა ქალაქის მერმა.