„შენი აუდიოსივრცე“ - საქართველოს პირველმა არხმა ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს პირველმა არხმა კიდევ ერთი ახალი პროექტი დაიწყო. პროექტი „შენი აუდიოსივრცე“ მსოფლიო რადიობაზარზე არსებული ტენდენციებისა და EBU-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა და ვებპლატფორმაზე 1tvpodcast.ge უკვე ხელმისაწვდომია.
საქართველოს რადიოს აუდიოსივრცე არის რეკლამისგან თავისუფალი უსაფრთხო მედია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილს განცხადებით, ვებგვერდი იძლევა საშუალებას მოუსმინო იმას, რაც გინდა და გაინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა აუდიტორია უპირატესობას სწორედ პოდკასტს ანიჭებს. საქართველოს რადიოს მიერ მომზადებული პოდკასტები სწორედ ამ აუდიტორიის მოზიდვასა და დაინტერესებას ისახავს მიზნად.
პროექტის განხორციელებას წინ უძღოდა ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიის მხარდაჭერით, საქართველოს პირველი არხის რადიო და ონლაინმედიის თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტრენინგები.
„ზოგადად, გლობალურად, მედიაში ძალიან ბევრი რამ იცვლება, თუმცა ერთი რჩება მნიშვნელოვანი და ყოველთვის სანდო, ეს არის ხმა. ყველა კვლევით რადიოს სანდოობა გაზრდილია მთელ მსოფლიოში და ვფიქრობ, არც საქართველოა გამონაკლისი. ჩვენც დავიწყეთ პოდკასტებზე ფიქრი. დღეს იხსნება საქართველოს რადიოს და ვფიქრობ, პირველი არხის პოდკასტების სერია, რაც მოიცავს ძალიან ინდივიდუალურ, ცოტა ინტიმურ აუდიოსივრცეს, სადაც შეგიძლია, შენ თვითონ აირჩიო, რას მოუსმენ, როდის მოუსმენ. შევთავაზებთ მსმენელს და რაღაც ნაწილში, მინდა, ვთქვა ხოლმე – მაყურებელს, რადგან პოდკასტს თავისი ვიზუალიც აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო გათვლილია ხმაზე. პირადად მე ვარ პოდკასტების მსმენელი. რით განსხვავდება, მაგალითად, რადიოსგან – პირველ რიგში, იმით, რომ შენ თვითონ ქმნი შენს დღის წესრიგს, ანუ იმას უსმენ, რაც გინდა. მეორე ის, რომ პარალელურად შეგიძლია რამდენიმე საქმის კეთება. მაგალითად, ქალების შემთხვევაში, თუ სახლში რამეს აკეთებს, ყურში შეუძლია, მოისმინოს, ისწავლოს უცხო ენა, ან შეიმეცნოს რაღაც ახალი. მათ შორის, მანქანაშიც შეგიძლია, არა რადიო ჩართო, არამედ აარჩიო, რისი მოსმენაც გინდა იმ წუთას და უსმინო შენს საყვარელ პოდკასტს. ვფიქრობ, ძალიან დროულია და საქართველოს პირველი არხი არა მხოლოდ თავის ჟურნალისტებთან ერთად იმუშავებს, არამედ გარედანაც, დარგის ექსპერტებს, საინტერესო ადამიანებს მოიზიდავს და ექნება ძალიან კარგი, სმენადი სივრცე რადიოსთან ერთად“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, პოდკასტების პლატფორმა დაყოფილი იქნება თემატურად, ანუ მსმენელს საშუალება ექნება, აირჩიოს, რისი მოსმენა სურს, ასევე, გამოიწეროს ის არხი და ავტორი, რომლის მოსმენაც მუდმივად მოუნდება ანუ თავისი ფავორიტი შეარჩიოს.
„ვეცდებით, ეს იყოს ყოველკვირეული, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, ყოველდღიურიც. ვეცადეთ, ჟანრობრივად ყოფილიყო მრავალფეროვანი, მათ შორის, რადიოს გადაცემების რაღაც ნაწილი გადმოვიტანეთ პოდკასტზე და ექსპერიმენტივით ვატარებთ. ასევე, ეს პოდკასტი გვაძლევს საშუალებას, რაოდენობრივად დავთვალოთ ჩვენი მსმენელი და გავუკეთოთ პრიორიტეტი ისეთ თემებს, რომლებსაც უფრო მეტი მსმენელი ეყოლება, პირდაპირ ონლაინრეჟიმში. მე ძალიან მიხარია, რომ პირველი არხის უამრავი თანამშრომელი ჩაერთო ამ ერთგვარ ექსპერიმენტში. სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა ტრენინგების საინტერესო სესია ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან. მე, ერთ მომხმარებელს როგორ შემიძლია, თვითონ შევქმნა პოდკასტი და დღესვე ჩავერთო ამ მედიასივრცეში. ვფიქრობ, გამოგვივიდა კიდევაც. თუმცა, ახლა გვექნება უფრო მეტად პროფესიონალურ ნიუანსებში შესვლა და ისეთი აუდიოსივრცის შექმნა, რომელიც ძალიან პერსონალური იქნება თითოეული მომხმარებლისთვის“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
პირველი არხი – პოდკასტი | შენი აუდიოსივრცე