შენგელიას 10 ქულა „ეფესთან“ წაგებულ შეხვედრაში - თორნიკეს გუნდი ევროლიგაში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას ცსკა საკალათბურთო ევროლიგის ნახევარფინალში „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 89:86 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში 24 წუთი ითამაშა და 10 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა (4 შეტევაში, 3 დაცვაში) და 1 დაფარება დააგროვა. მან 8-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ბურთი 2-ჯერ ისროლა და ორივეჯერ უშედეგოდ. თორნიკემ 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა და მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა.
მატჩი თავიდანვე თურქული გუნდის უპირატესობით დაიწყო და ბოლო მეოთხედამდე „ეფესი“ 16 ქულითაც იგებდა. მეოთხე მეოთხედში კი მოსკოვურმა გუნდმა სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ შეძლო მეტოქის დამარცხება. ცსკა-ს შემადგენლობაში 26 ქულით საუკეთესო კლაიბერნი იყო, „ეფესიდან“ კი ვასილი მიჩიჩი 25 ქულით გამოირჩა.
თორნიკეს გუნდი ევროლიგაზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს, სადაც „ბარსელონასა“ და „ოლიმპიაკოსს“ შორის დამარცხებულს შეხვდება.