შემოწმებული 95 კლინიკიდან 38-ში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობის შესახებ
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსურ მონიტორინგს აგრძელებს.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარე კომპლექსური მონიტორინგის პირველადი შედეგები წარადგინა.
სააგენტოს ცნობით, რეგულირების სააგენტომ უკვე შეამოწმა 95 კლინიკა. 38 დაწესებულებაში დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობისა და შეტყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობის შესახებ.
უწყებაში აცხადებენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მონიტორინგი ჩატარდება ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში.
თითოეულ კლინიკაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ის სპეციფიკური პირობები, რაც არის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების საფუძველი.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, გატარდება ქმედითი ღონისძიებები ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.