შემოსავლების სამსახურმა უნებართვო აზარტული თამაშების ორგანიზების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალურ ნებართვას დაქვემდებარებული აზარტული ან მომგებიანი თამაშების უნებართვო მიწოდების ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე განმარტებით, ერთ-ერთი მეწარმე სუბიექტი ელექტრონულ-მექანიკური სათამაშო აპარატით უნებართვოდ აზარტული თამაშების ორგანიზებას ახორციელებდა.
„აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში, ამოღებულია ელექტრონულ-მექანიკური სათამაშო აპარატი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, – აცხადებენ უწყებაში.