ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკურ-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის მედიასემინარი გაიმართა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უწყების ხელმძღვანელმა ლევან კაკავამ. მან მედიის წარმომადგენლებს უწყებაში 2021 წელს განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
„მინდა, ვისარგებლო ამ ფორმატით და წარმოგიდგინოთ უწყებაში მიმდინარე აქტუალური სიახლეები, რაც გადასახადის გადამხდელების ინფორმირების გაზრდას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ეს ჩვენი პირველი პირისპირ შეხვედრაა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ. გლობალურმა პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა ყველა სფეროზე. ახალი გამოწვევების პირობებში, მაღალი ეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნების მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგადასახადო სისტემების ეფექტური ადმინისტრირება და ასევე, საბაჟო ფორმალობების გამარტივებისა და ეფექტური კონტროლის ღონისძიებებით, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული კომპანიებისთვის მოქნილობის ხელშეწყობა. სწორედ, ამ თემების შესახებ ისაუბრებენ სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და გამოვთქვამ იმედს, რომ ერთობლივი სწავლება იქნება ძალიან ინტერაქტიური და კონსტრუქციული. ამასთან, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და აქტიური ჩართულობისთვის“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სემინარის მსვლელობისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ეკონომიკურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებს წარუდგინეს ვრცელი პრეზენტაციები უწყების განახლებული ვებგვერდის, ელექტრონულ სერვისებზე ახალი საგადასახადო შეღავათების, ასევე დამატებული ღირებულების რეფორმის, საბაჟო რისკების დერეფნებისა და უახლესი ელექტრონული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვის შესახებ. მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სადაც გაეცნენ იმპორტში მოქცევისთვის აუცილებელ საქონლის გაფორმების პროცედურებს, ხოლო სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრებთან ერთად, კონტროლის ღონისძიებები განიხილეს. აღნიშნულ სწავლებას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზაზა თაბაგარი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები.