შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი პირველიდან 29 მარტის ჩათვლით გადასახადის გადამხდელებს 25 ლოკაციაზე მოემსახურება
პირველიდან 29 მარტის ჩათვლით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 25 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.
RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით.
„შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. ამასთან, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების ცნობის გაცემა და ა.შ.“ – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
რაც შეეხება ქალაქებს, ესენია: ტყიბული, ლენტეხი, დუშეთი, ხონი, ლანჩხუთი, ვანი, გურჯაანი, ბაღდათი, ყვარელი, ახმეტა, ყაზბეგი, აბაშა, კასპი, მარტვილი, ქარელი, ცაგერი, ადიგენი, ონი, ასპინძა, ნინოწმინდა, საჩხერე, მარტყოფი, თეთრიწყარო, ყაზბეგი და დმანისი.